ზაზა სოფრომაძე - ტრამპი ფინანსური მანიპულაციებითა და მაქინაციებითაა ცნობილი
ზაზა სოფრომაძე - ტრამპი ფინანსური მანიპულაციებითა და მაქინაციებითაა ცნობილი
13:19 21.04.2012
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას აუცილებლად არ მიიჩნევს.
როგორც მან „ნიუსპრესთან საუბრისას განაცხადა, ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ამერიკაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით სარგებლობს, რადგან ის ფინანსური მანიპულაციებითა და მაქინაციებითაა განთქმული.
მისი თქმით, ტრამპი აღნიშნული ცათამბრჯენის მშენებლობის დროს ფინანსურ რისკს არ სწევს, რადგანაც ის საქართველოში ინვესტიციების ჩადებას არ აპირებს.
„ის უბრალოდ თავის ბრენდს ყიდის და შესაბამისად, ხარჯი ყველა ჩვენთაგანმა და ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაიღოს. ბუნებრივია სახელმწიფოს ხარჯი ეს არის ყველა ჩვენგანის ჯიბიდან შეგროვებული გადასახადები“ - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, თუ რამდენად მომგებიანი იქნება „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა საქართველოსთვის ძნელი სათქმელია რადგან, მსგავსი ტიპის ცათამბრჯენების მშენებლობის აუცილებლობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ჯერჯერობით ტურისტების არც ისეთი ნაკადია, რომ უკვე არსებული სასტუმროები მათ არ ეყოთ. უმეტეს შემთხვევებში მსგავსი ტიპის სასტუმროები ჩვენი ე.წ ბომონდის თავშეყრის და უმაღლესი პირების გასართობ ადგილებად არის გადაქცეული“ - აღნიშნა სოფრომაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი ასევე მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა არ არის.
მისივე განცხადებით, საეჭვოა ქვეყანაში მსგავსი ტიპის პროექტებმა ახალი პროექტების დაგეგმვას და განვითარებას რაიმე სახის ბიძგი მისცეს, რადგანაც ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იკლებს.
„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმის სანაპიროს განვითარების ახალი გეგმის ნაწილია. 47-სართულიან შენობაში ბიზნესცენტრი, სპა და ფიტნეს კლუბები, ლაუნჯბარები და საცხოვრებელი ბინები განთავსდება.
პროექტის პრეზენტაციას ხვალ ბათუმში, დონალდ ტრამპი დაესწრება.

ბეჭდვა