კერვალიშვილი- საქართველოში ძალადობას ყოველ მესამე ოჯახში აქვს ადგილი
კერვალიშვილი- საქართველოში ძალადობას ყოველ მესამე ოჯახში აქვს ადგილი
11:22 21.04.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ოჯახურ ძალადობას ყოველ მესამე შემთხვევაში აქვს ადგილი.
„ნიუსპრესთან“ საუბარში კერვალიშვილმა განაცხადა რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრი არის მსხვერპლი, მოძალადე ისევე დაისჯება როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
ამ მიზნით ოჯახური დანაშაულის ცნებაში ახალი დეფინიცია შედის და ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ახალი კანონპროექტის ავტორი ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილია.
„გარკვეულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ოჯახურ ძალადებას ყოველ მესამე შემთხვევაში აქვს ადგილი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. კანონმდებლობის მიზანია ოჯახის წევრების დაცვა ძალადობისგან. მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ის სისხლის სამართლის დევნის სუბიექტი შეიძლება გახდეს“ - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.
ვიცე-სპიკერის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი გამოიწვია, შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, 6 თვემდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, 1 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ბეჭდვა