საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კიევის მე-5 საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ბარამიძე სიტყვით სესიაზე - „შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაცია“ გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე პრემიერმა შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის მუშაობაში ჩეხეთის, საფრანგეთის, ლიტვის, უკრიანის, რუმინეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები მონაწილეობენ.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძე საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის სახელმწიფო მოხელეთა მომზადების აკადემიაში მიიწვიეს, სადაც აკადემიის ფილიალებთან ოდესაში, დნეპროპეტროვსკსა და ლვოვში ტელეხიდი შედგა.
შეხვედრაზე ბარამიძემ ყველა იმ რეფორმის შესახებ ისაუბრა, რაც საქართველოში განათლების, ჯანდაცვის, სამართლებრივ და სხვა სფეროებში, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით განხორციელდა.
სამინისტროს ცნობით, მსგავსი შეხვედრები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
