საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარის სამხედრო ბაზაზე ე.წ. ''ოსური ბატალიონის''
შექმნის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მე-4 სამხედრო ბაზაზე შეიქმნება ე.წ. "ოსური ბატალიონი. აღნიშნულ ქვედანაყოფში მიიღებენ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს, რომლებსაც ექნებათ რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომსახურე პირების თანაზომადი ფულადი ანაზღაურება.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება იმ ფაქტებზე, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, შეჰყავს უახლესი შეტევითი შეიარაღება და განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ფაქტობრივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად, ხოლო იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მოსახლეობა ან ემსახურება რუსეთის სამხედრო ბაზას ან მსახურობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში, რის მაგალითსაც წარმოადგენს ზემოხსენებული ე.წ. "ოსური ბატალიონის" შექმნა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების გაძლიერებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსური და მატერიალური საშუალებების გამოყოფა ხდება იმ ფონზე, როცა თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები მთელი რუსეთის მასშტაბით სამხედრო, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის ავარიების შესახებ, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის პირველ რიგში რუსეთის მოსახლეობას, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებსა და მთლიანად მსოფლიოს",-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
