მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ანტირეკლამაზე რეკორდული რაოდენობის ფული იხარჯება
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ანტირეკლამაზე რეკორდული რაოდენობის ფული იხარჯება
19:04 20.04.2012
საქართველოს „გაშავებაზე“ რეკორდული ოდენობის იხარჯება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყოველ წელს ასობით მილიონი დოლარი იხარჯება იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი შეულახონ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, საქართველო რეგიონში მაინც ყველაზე პოპულარული ქვეყანაა.
„ეს იმიტომ, რომ ხალხი ჩამოდის და რეალობას ხედავს. საკუთარი თვალით ნანახი „გაზპრომის“ ფულით ნაყიდ ბევრ სტატიას სჯობს. ამიტომაც არის, რომ რამდენიც უნდა გამოვიდეს რუსეთის რომელიმე გაქსუებული ჩინოვნიკი და თქვას, არ ჩახვიდეთ საქართველოშიო, სასტუმროები რუსი ტურისტებით ივსება“- განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარება მხოლოდ ხალხის დასაქმების საშუალება არ არის, ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი იმისა, რომ 2015 წელს ტურისტების რაოდენობა 6-7 მილიონამდე გაიზარდოს. მათ მიერ დატოვებული თანხა განათლებასა და ახალ ტექნოლოგიებში უნდა ჩაიდოს. „მხოლოდ ტურიზმით ვერ დავკმაყოფილდებით“- დასძინა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა