ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ლორთქიფანიძემ პარლამენტში 10-13 თებერვალს მომხდარი დეპუტატების გადაადგილება შეაფასა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ მოხდა "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ინტეგრირება.
მისი განმარტებით, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, რომან მარსაგიშვილის ფრაქცია "ძლიერი საქართველოდან" წასვლის შემდეგ, სამართლებლივად დაიშალა როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე, თორთლაძის ფრაქცია. თუმცა, "ქრისტიან-დემოკრატებმა უმცირესობის გადარჩენის მიზნით, თორთლაძის ფრაქციას დაუთმეს "ქრისტიან–დემოკრატების" მთავარი კომიტეტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი მაისურაძე.
"ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ითქვა, რომ ვანის მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან ხურციძესთან ერთად, უმრავლესობიდან უშვებენ კობა კურდღელაშვილსაც, რომელმაც თურმე თავისი ადგილი სხვაგან ნახა. იგი "ქრისტიან-დემოკრატებთან" იდეოლოგიური თანხვედრის გარეშე გაერთიანდა, იდეურად "ქრისტიან-დემოკრატი" რატი მაისურაძე კი თორთლაძის ფრაქციაში აღმოჩნდა. თუკი მაისურაძე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" არ არის გასული, მაშინ უმცირესობა დაშლილია. ეს ყოველივე არის პოლიტიკური და სამართლებლივი ნონსენსი", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის რღვევის პროცესს ვერავითარი პოლიტიკური თაღლითობა ვერ შეაჩერებს.
