საპარლამენტო უმცირესობამ გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს,
- ეს განცხადება ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენი მთავარი სამიზნეა მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა". თუ ვინმე სააკაშვილს გადაეფარება, ისიც ჩვენი სამიზნე აღმოჩნდება. მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც არ აპირებენ სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვნენ, რომლებსაც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული არ მიუძღვით, რომელთაც სისხლში არ აქვთ ხელი გასვრილი, არ დაუგეგმევათ მიტინგების დარბევა, ხალხის მოტაცება, წამება, გვემა - შეეშვით "ნაციონალურ მოძრაობას", თქვენი ადგილი იქ არ არის. მობრძანდით ჩვენთან, გაწევრიანდით ჩვენს ფრაქციაში და ერთად დავასრულოთ 8-წლიანი ჟამიანობა", – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატი იმასაც ამტკიცებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ რაზე ესაუბრა ორშაბათს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში უმრავლესობას. "ინფორმაცია გვაქვს იმ თათბირიდან, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში ჩატარდა. ვიცით, რა ეპითეტებით შეამკო სააკაშვილმა თავისი კოლეგები, რა საუბრები იყო თათბირის დროს, დაწვრილებით ვიცით", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებთ, არჩევნების უმაგალითოდ გამყალბებლებისა და ფალსიფიკატორის განკითხვის ჟამი მოვიდა და ამას მალე წერტილი დაესმება. "წერტილის დამსმელი იქნება საზოგადოება, რომელიც არჩევნებზე თავის ნებას გამოხატავს", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
