საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს თავის ამომრჩეველს სადაც უნდა იქ შეხვდეს, მათ შორის რესტორანში.
ეს კომენტარი გაბაშვილმა რესტორან "ლაზურში" პედაგოგებთან მიმდინარე შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა.
გაბაშვილის თქმით, ამომრჩეველთან შეხვედრა ნებისმიერი სახის დარბაზში შეიძლება, მათ შორის რესტორანში და ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
,,ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრა მხარადმჭერებთან. ჩვენ კონტროლის პალატაში ყოველთვიურად წარვადგენთ ხარჯებს, მათ შორის დარბაზების დაქირავებისთვისაც. ყველა პარტია თავად წყვეტს სად შეხვდება ამომრჩეველს, დარბაზში თუ ქუჩაში, მათ შორის რესტორნის დარბაზის გამოყენებაც ხდება“ - განაცხადა დეპუტატმა.
გაბაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი ხალხს ხვდება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ისევე როგორც ამას აკეთებენ უგულავა, შაშკინი და სხვები.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორან "ლაზურში" ვარკეთილის სკოლების პედაგოგებს ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდნენ.
