პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა ხვალ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა, პარტიის წევრობის მსურველთა ნოტარიულად რეგისტრირების პროცესი ხვალ 13:00 საათზე დაიწყება. 15:00 საათიდან კი - პარტიის წევრებს სხვადასხვა თანამდებობებზე ღია კენჭისყრით აირჩევენ.
„რასაკვირველია, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უკვე ვიმსჯელეთ თუ ვინ რა პოზიციას დაიკავებს პარტიაში, თუმცა, ეს ყველაფერი არჩევით უნდა მოხდეს და წინასწარ ვინ რა თანამდებობაზე იმუშავებს, უცნობია“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მისივე თქმით, პარტიის დამფუძნებელ ყრილობას „ქართული ოცნების“ ლიდერები დაესწრებიან და სიტყვითაც გამოვლენ. ამ დრომდე უცნობია ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.
პარტიის დაფუძნების თარიღი ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს ბრიფინგზე დაასახელა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის დაფუძნების შემდეგ სახელწოდებით - „ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ბლოკი დაფუძნდება. მისი განცხადებით, ის იქნება აღნიშნული ბლოკის ლიდერი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
