საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ტელერადიოკომპანია „მირთან“ საქართველოს თანამშრომლობა მანამ გრძელდებოდა, სანამ საქართველო დსთ–ს წევრი იყო.
„ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დეტალები არ ვიცი, თუმცა, რაც ვიცი ის არის, რომ „მირთან“ საქართველოს თანამშრომლობა მანამ გრძელდებოდა, სანამ საქართველო დსთ–ს წევრი იყო. დამოუკიდებელ თანამეგობრობის წევრი კარგა ხანია არა ვართ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის ფარგლებში ხელშეკრულებების საკითხი შიგადაშიგ წამოიწევს და ამ ხელშეკრულებებიდან გამოვდივართ, თუ მასში მონაწილეობა არანაირ სარგებელს არ გვაძლევს“ – განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, „მირთან“ დაკავშირებული ხელშეკრულებაც ერთ-ერთი მსგავსია, რომელიც საქართველოს არანაირ სარგებელს არ აძლევს და ფორმალურად ჯერ კიდევ არსებობდა.
დეპუტატს „მირის“ აქტიური საქმიანობის შესახებ არაფერი სმენია.
საქართველო ტელერადიოკომპანია „მირთან“ დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოვიდა. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა.
ბრძანებულების თანახმად, უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ შეთანხმების მოქმედება.
