დავით ბერძენიშვილი- "ქართულ ოცნებაში" თოფაძის შესვლით, კოალიციის დასავლური კურსი არ შეიცვლება
დავით ბერძენიშვილი- "ქართულ ოცნებაში" თოფაძის შესვლით, კოალიციის დასავლური კურსი არ შეიცვლება
13:57 20.04.2012
პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ქართული დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი სრულად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ  "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, კოალიციის გამოკვეთილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია და მას კარგად აქვს გააზრებული, რომ არჩევნების ჩასატარებლად გამოცდილი პოლიტიკური სტრუქტურებია აუცილებელი.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, კოალიციაში ასეთი სისტემა შეიქმნა.
ბერძენიშვილმა განმარტა, რომ კოალიციის წევრებს შორის შეხედულებათა ასპროცენტიანი თანხვედრა ვერ იქნება, რაც მისი აზრით, დასავლურ კურსთან დაკავშირებით კოალიციის ახალი წევრის, გოგი თოფაძის განცხადებამაც დაადასტურა.
,,თოფაძე ძალიან ღირებული ფიგურაა კოალიციისთვის. ის, რომ მისი პოზიცია დასავლურ კურსთან მიმართებით კოალიციის პოზიციას არ ემთხვევა, პრობლემა არ არის" - განაცხადა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თოფაძეს მისი პარტიის წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
ბერძენიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კოალიციას ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისადმი თავისი დამოკიდებულება უკვე დეკლარირებული აქვს და კოალიციაში თოფაძის შესვლით ეს პოზიცია არ შეიცვლება.
ბერძენიშვილი, ასევე გამოეხმაურა გოგი თოფაძის ინიციატივას - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის კოალიციასთან შესაძლო დაახლოების თაობაზე და განაცხადა: ,,ეს საკითხი კოალიციაში დღის წესრიგში არ დგას. ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის მიმართ. თუმცა, ალბათ ურთიერთობის ფორმები მოიძებნება".

ბეჭდვა