"ქართული ოცნების" ლიდერები წინასაარჩევნო სამუშაოებისთვის რეგიონებში გადანაწილდებიან
"ქართული ოცნების" ლიდერები წინასაარჩევნო სამუშაოებისთვის რეგიონებში გადანაწილდებიან
13:43 20.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები წინასაარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად რეგიონებში გადანაწილდებიან.
გუბაზ სანიკიძე იმერეთში, დავით ბერძენიშვილი გურიაში, ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში, ხოლო ირაკლია ალასანია სამეგრელოში იმუშავებენ.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, სამეგრელოში გადასვლასთან დაკავშირებით პირველად ინიციატივა ირაკლი ალასანიამ გამოთქვა. მისივე შეფასებით, თვეების განმავლობაში ყველაზე მძიმე რეგიონში მუშაობა ფაქტიურად მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავდა.
უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ვინ იმუშავებს კოალიციიდან სამცხე-ჯავახეთში.
,,აღნიშნული რეგიონი ყველაზე რთულია, რადგან იგი ხელისუფლების ხმების ბეღელია და დიდ წნეხსაც განიცდის" - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ კოალიციაში სერიოზულად მიმდინარეობს მაჟორიტარობის კანდიდატთა გამოვლენის პროცესი და ამ საკითხზე მსჯელობა.
,,ვფიქრობ, ჩვენი კოალიცია გეგმაზომიერად მუშაობს, პრაქტიკულად კოალიციის სტრუქტურების ჩამოყალიბება დავასრულეთ. დაგვრჩა რამდენიმე ოფისის გახსნა. ერთ-ერთი ოფისი დღეს ხელვაჩაურში გაიხსნება. არ ვაპირებთ, ხელისუფლებას გამოგონილ ხმებად ერთი რეგიონი მაინც დავუტოვოთ" - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, ბერძენიშვილი არ აკონკრეტებს, ვინ იქნება ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარე, რომლის დამფუძნებელი ყრილობა ხვალ გაიმართება.

ბეჭდვა