საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, "გარკვეული ადამიანების თვალში ივანიშვილი არის ფიგურა და
ვის დაიყენებს ის გვერდში, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს არც მისთვის და არც ივანიშვილის მზისმფიცავი ადამიანებისთვის, რომელთა რაღაც რაოდენობა საქართველოში არსებობს".
აღნიშნული კომენტარი დავით დარჩიაშვილმა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფზე საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, ივანიშვილის გამოჩენამ თავის მილიარდებითა და უცნაური გამონათქვამებით ქართული პოლიტიკური კლასის განვითარებას პრობლემა შეუქმნა.
"მან მიიწება ყველა და დაუკარგა ინდივიდუალობა, სახე, ყველას, ვინც კი მის გვერდით არის", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. "არ მგონია, ადამიანთა ეს ჯგუფი რაიმე ახლის, საგანგებოსა და ქვეყნის განვითარებისთვის რაღაც კონკრეტული გეგმების დამსახავი და მით უმეტეს, შემსრულებელი აღმოჩნდეს. მათგან ზოგს ვიცნობ, ზოგის შესახებ საერთოდ არ გამიგია, თუმცა, ჩემი გამოცდილება და დაკვირვება მაძლევს ასეთი შეფასების გაკეთების საშუალებას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფში იქნებიან: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ბიზნესმენი გიორგი (გოგლა) ჟვანია, უფლებადამცველი თამაზ ავდალიანი, იურისტი მანანა კობახიძე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, ექსპერტი თედო ჯაფარიძე, გია ვოლსკი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი და კახი კალაძე.
