საჯარო სამსახურებში ატესტაციის გაუქმება და მის ნაცვლად ე.წ. შეფასების სისტემის შემოღება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელსაც დღეს კომიტეტები განიხილავენ. ამ ცვლილების მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებული იქნება საკუთარ უწყებაში შეფასების ეფექტური სისტემა დანერგოს, რაც თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს.
მოხელეთა შეფასება არანაკლებ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ამჟამად მოქმედი ნორმით, საჯარო მოსამსახურეებს ატესტაციის გავლის ვალდებულება სამ წელიწადში ერთხელ აქვთ. ამასთან, ატესტაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ მოხელეები, შეფასებას კი ყველა საჯარო მოსამსახურე დაექვემდებარება.
