რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს ახალი თანამდებობა მიულოცა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას თიბილოვს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თიბილოვმა საუბრისას აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას აუცილებლად გააგრძელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციის ცერემონია ცხინვალში გუშინ გაიმართა.
"ოსინფორმის" ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციას 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები რუსეთიდან, აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და ნიკარაგუადან.
ე.წ არჩევნებში გამარჯვებამდე ლეონიდ თიბილოვი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, უფლებადამცველმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.
