ნატოს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა
ნატოს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა
10:29 20.04.2012

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში ISAF-ის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მოკავშირეებმა და სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს ავღანეთთან დაკავშირებით ნატო-ს ლისაბონის სამიტის და ბონის კონფერენციის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ავღანეთში გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერას. ძირითადი აქცენტი 2014 წლის შემდეგ ავღანეთში პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობაზე გაკეთდა.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ავღანეთში მიღწეული პროგრესის და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობაა.
მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ავღანეთის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ჩიკაგოს სამიტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც ავღანეთში ალიანსის გრძელვადიანი ჩართულობის პრინციპებს განსაზღვრავენ.
თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ალიანსის ავღანური მისიის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ საქართველო ალიანსს 2014 წლის შემდეგაც დაუჭერს მხარს ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით.


ბეჭდვა