ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშაძე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვესნა პუშიჩს, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვილი სოვენდალს, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კრისტიან დიაკონესკუს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სტავროს დიმასს, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ერჯავეჩს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯულიო ტერცი დი სანტაგატას და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან ასელბორნს შეხვდა.
შეხვედრების ძირითად მიზანს ჩიკაგოს სამიტისთვის მომზადება წარმოადგენდა. მხრეებმა იმსჯელეს, როგორც სამიტის ფორმატებზე, ასევე, მის შინაარსობრივ მხარეზე - თუ როგორ აისახება საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი სამიტის დასკვნით დოკუმენტებში.
შეხვედრებზე ასევე, ისაუბრეს ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობაზე და ტრანზიციის პროცესის დასრულების შემდგომ ავღანეთში დარჩენის აუცილებლობაზე. განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.
