ბიძინა ივანიშვილი "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებს შეხვდა
19:08 19.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "ქართული აკადემიის" წევრებს შეხვდა. შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში შედგა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ აკადემიამ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში დადებითი როლი ითამაშა, თუმცა, შედეგების გათვალისწინებით, ვერავინ ვერაფერს მიაღწია.
"საქართველოში თქვენ ავტორიტეტები ხართ და თითოეულ თქვენგანს დამსახურება გაქვთ ქვეყნის წინაშე. როგორც არ უნდა გაჯანსაღდეს პოლიტიკა, თქვენი სახეები მასში კიდევ დიდხანს იქნება საჭირო" - მიმართა ივანიშვილმა აკადემიის წევრებს.
აკადემიის წევრმა თემურ ნანეიშვილმა შეხვედრაზე ივანიშვილს "ქართული აკადემიის" განცხადება გააცნო, სადაც ისინი კოალიციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ "ქართულ ოცნებას". ამასთან, შესაძლოა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაც მიზანშეწონილი იყოს, სადაც კოალიციის გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცნობამდე მათი აპრობაცია მოხდება" - აღნიშნა მან.
ნანეიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აკადემია მისი ოპონენტი გახდება.
აღნიშნულ ინიციატვას ივანიშვილმა მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ერთ-ორ წელიწადში თავადაც ოპონენტთა რიგებში იქნება.

ბეჭდვა