ბაქრაძე – ლავროვი იმდენად გაღიზიანებულია, რომ თავის შეკავება ვერ შეძლო
ბაქრაძე – ლავროვი იმდენად გაღიზიანებულია, რომ თავის შეკავება ვერ შეძლო
18:33 19.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმდენად გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია, რომ საჯაროდაც კი ვერ შეძლო თავის შეკავება. აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური კურსისთვის გადაეხვია, არამედ, როგორც თავისუფალ სახელმწიფოს აღარ ეარსება.
"ამიტომ ჩემთვის სრულიად გასაგებია ლავროვის ემოციები, რომელიც იმდენად გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია, რომ საჯაროდაც კი ვერ შეძლო თავი შეეკავებინა. სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყნის განვითარება, ნატოში ინტერგაცია და ქვეყნის კურსი წარმატებულია" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.
მისი აზრით, რუსეთს ფაქტიურად მარტოს უწევს დინების წინააღმდეგ ცურვა, რადგან ერთ მხარეს არის რუსეთი, ქვეყანა რომელიც ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობს და მეორე მხარეს არის მთელი დემოკრატიული სამყარო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
"ლავროვის გაღიზიანებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ რუსეთს საქართველოს გამო ყველა მნიშვნელოვან ფორმატში და ფორუმზე თავის მართლება უწევს," – განაცხადა ბაქრაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვის გაოგნებას ის ფაქტი იწვევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს.
"პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ მიაღწია სრული სამხედრო მომარაგების აღდგენას და მიიღო დაპირება ნატო-ში აუცილებელ მიღებაზე. ეს ადამიანი ავანტიურისტია და მის გამო, სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია არ გვინდა" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ბეჭდვა