გაბაშვილი – ლავროვის განცხადებები ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს
გაბაშვილი – ლავროვის განცხადებები ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს
18:22 19.04.2012
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებების მიუხედავად, ევროპულ სტრუქტურებსა და ჩრდილოატლანტიკურ  ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია არ შეჩერდება. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
გაბაშვილის თქმით, მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა და ის ალიანსში ინტეგრაციისკენ გზას წარმატებით გადის.
"ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანა უფრო დაცული იყოს, ვითარდებოდეს, ეკონომიკურად წინ მიდიოდეს და ამ წინსვლის შედეგებს თითოეული ოჯახი გრძნობდეს. რუსეთს არ სურს საქართველოს წარმატება. მას სურს, საქართველო მისი მბრძანებლობის შემსრულებელი და ნების აღმსრულებელი იყოს, რაც არ მოხდება როგორი მკაცრი ტონითაც არ უნდა გააკეთონ განცხადებები"- განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში გაბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვის გაოგნებას ის ფაქტი იწვევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს. "პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ მიაღწია სრული სამხედრო მომარაგების აღდგენას და მიიღო დაპირება ნატო-ში აუცილებელ მიღებაზე. ეს ადამიანი ავანტიურისტია და მის გამო, სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია არ გვინდა" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ბეჭდვა