მოსახლეობის მეხუთედი ჯერ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სინგაპურიზაციაზე
თვალი უნდა დავხუჭოთ - ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქობულეთში პროფესიული გადამზადების კოლეჯის გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ქალაქებში 20-25%-იანი უმუშევრობაა, თუმცა, ქვეყნის სერიოზული წინსვლის პერსპექტივა არსებობს.
პრეზიდენტმა საქართველოში ჰესების მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში რამდენიმე ათეული ჰესის მშენებლობა იგეგმება.
"ნესკრა ფენომენალური მოვლენაა, რადგან საქართველოში ენგურის შემდეგ 300 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური არ აშენებულა. ნამახვანის მშენებლობა იწყება, რომელიც მაქსიმუმ 500 მეგავატს გამოიმუშავებს. ინდუსტრია ისე ვითარდება, რომ თუ 2015 წლამდე ამ ჰესების აშენება ვერ მოვასწარით, შეიძლება ელექტროენერგიის დეფიციტი შეგვექმნას" - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტი შემოსავლების სამსახურის მიერ დაწყებულ "ჩეკების გათამაშებასაც" შეეხო და აღნიშნა, რომ გათამაშების შედეგად, ბოლო დღეებში, იმდენი მოქალაქე ითხოვს ჩეკს, რომ მათი რაოდენობა რევოლუციურია.
სააკაშვილის თქმით, მიღებული თანხა გზების აშენებაზე, მეტი შემოსავლის შემოტანაზე, მოქალაქეების დასაქმებასა და სხვა მიმართულებაზე გადანაწილდება.
"დღეს საქართველოში ყველაზე თანამედროვე საგადასახადო სისტემა იქმნება, ამაში პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ" - განაცხადა პრეზიდენტმა და დასასრულს აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი 7%-იანი მაჩვენებლი, წელს 8-9%-მდე გაიზრდება.
