პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე დღეს ადიგენის რაიონის სოფლების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
"წყალი, როგორც სარწყავი, ისე დასალევი, ტრაქტორი, სასუქი, გზა, სკოლა, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც რაიონის მოსახლეობას აწუხებს. ბოლაჯურის, საზალას, მლაშეს მოსახლეობა ცხოვრების ისეთ პირობებს უძლებს, რომ დაუჯერებელია მათი მოთმინება" - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე დუშეთის რაიონში სოფელ არაგვისპირის მოსახლეობას შეხვდა.
"სოფელში არ არის ამბულატორია, არ არის გაზი, დაიხურა ბიბლიოთეკა, არ არის კლუბი და რაც მთავარია, არ არის წყალი. გაუგებარია დუშეთის და მცხეთის სოფლებში, საიდანაც პრაქტიკულად მთელი თბილისი მარაგდება წყლით, რატომ დგას წყლის პრობლემის წინაშე" - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე კი, ადიგენის რაიონში სოფელ არალასა და უდეში იმყოფებოდა.
გამყრელიძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ადიგენში სარწყავი წყალი და ტრაქტორი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
"ადიგენში მოსავალი მორწყვის გარეშე არ მოდის. სარწყავი სისტემა რომ მოიშალა და აღსადგენია არც ცენტრალურ ხელისუფლებას აწუხებს და არც ადგილობრივს. ამ მიზეზით წლიდან წლამდე სამცხე-ჯავახეთში მოსავლის რაოდენობა მცირდება. საჭიროა ადიგენელებს ეს პრობლემა მოუგვარონ" - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მემარჯვენეების ლიდერის თქმით, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც პრობლემაა.
