პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დეპუტატების პროფესიულ ქცევასა და ეთიკის ნორმებზე გაამახვილა ყურადღება დღეს გამართულ კონფერენციაზე.
სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ თემაზე- ,,ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრთათვის“ კონფერენცია დღეს გაიხსნა.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომელიც პარლამენტის როლის გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტარების პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმების მიმართ ყურადღება გაიზარდა.
,,2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიზანი იყო ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადასვლა. რეფორმის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცენტრი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. რეფორმის განხორცილებაში ოპოზიციაც მონაწილეობდა და ამან ჩვენს პოლიტიკურ კულტურას მეტი დემოკრატიულობა შესძინა“ – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
საქართველოს პარლამენტმა ეთიკის კოდექსი 2004 წლის 12 ოქტომბერს მიიღო, რომელშიც პარლამენტარებისთვის სავალდებულო ძირითადი პროფესიული და ეთიკური სტანდარტებია ასახული.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE ODIHR) მიერაა ორგანიზებული. ღონისძიებაში ქართველ პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობენ პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
