აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვაშინგტონში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე
საინტერესო და შინაარსიანი დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის მონაწილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა დემოკრატიული რეფორმები, წინასაარჩევნო პერიოდი და მასთან დაკავშირებულ საკითხები იყო.
"შეხვედრებით კმაყოფილები ვართ. მიმდინარე წელს კიდევ სამი ასეთი შეხვედრა იგეგმება. სამუშაო ჯგუფების შეხვედრები უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობის საკითხებზე გაიმართება" - განაცხადა კაპანაძემ.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. შეხვედრას საქართველოდან სერგი კაპანაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია, ხოლო ამერიკის მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი, ასევე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ერიკ რუბინი და თომას მელია უძღვებოდნენ.
