ბაქრაძე – საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში ასახული პროგრესი ჩიკაგოს სამიტზე დაფიქსირდება
ბაქრაძე – საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში ასახული პროგრესი ჩიკაგოს სამიტზე დაფიქსირდება
14:39 19.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პროგრესი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის დოკუმენტებში ადექვატურად აისახება.
ბაქრაძის შეფასებით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით დღემდე გაკეთებული განცხადებები კონკრეტულად დაფიქსირდება და დადგენილების სახით ჩამოყალიბდება.
"ეს პირველ რიგში ის განცხადებებია, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველო ნატო-სთან და ალიანსში გაწევრიანებასთან დღეს უფრო ახლოა, ვიდრე ეს იყო ბუქარესტის სამიტის ან სხვა დროს. ველოდებით, რომ ეს სიახლოვე და პროგრესი ჩიკაგოს სამიტის დოკუმენტებში ადექვატურად აისახება, თუმცა, რა ფორმით და როგორ, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მუშაობა ისევ გრძელდება" – აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული სამუშაოს ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი ბრიუსელში გამართული შეხვედრები იყო.
"შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოს პროგრესი, ასევე, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში ასახული პროგრესი ჩიკაგოს სამიტის დადგენილებებში დაფიქსირდება" - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ჩიკაგოში ნატო-ს სამიტი მაისში გაიმართება.

ბეჭდვა