ბაქრაძე ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოს უწოდებს
ბაქრაძე ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოს უწოდებს
14:24 19.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოს უწოდებს, რადგან ის მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
ეს განცხადება დავით ბაქრაძემ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული ე.წ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
ბაქრაძის განმარტებით, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არჩევნები კანონიერად არ ჩაითვლება, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგები არ გამოსწორდება, ყველა დევნილი საკუთარ სახლში არ დაბრუნდება და რუსეთის საოკუპაციო ჯარი აღნიშნულ ორ ქართულ რეგიონს არ დატოვებს.
"ასეთ პირობებში, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის სრული უმრავლესობა საკუთარი სახლებიდან განდევნილია, როდესაც რეგიონს მთლიანად უცხო სახელმწიფოს საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, ვერანაირ პროცესს არჩევნებს და მოსახლეობის ნების გამოხატვას ვერ დავარქმევთ" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული ე.წ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია დღეს იმართება. ე.წ არჩევნებში გამარჯვებამდე ლეონიდ თიბილოვი უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იყო. თიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით გაიმარჯვა.

ბეჭდვა