ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი რაც უფრო მალე წავა საქართველოდან, მით უკეთესია. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ განუცხადა.
ჯაველიძე ჯონ ბასის საქმიანობას საქართველოში უარყოფითად აფასებს და ამის მაგალითად 2011 წლის 26 მაისის მოვლენები მოჰყავს.
„დემოკრატული ქვეყნის წარმომადგენელმა ბასმა დიპლომატიური ენით თქვა, რომ აქციის წევრები უნდა დასჯილიყვნენ, რითაც ქართველი ხალხის ჩახოცვას მწვანე შუქი აუნთო “ - განაცხადა მან.
ჯაველიძის თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ზონდერბრიგადები უდანაშაულო ხალხს სწორედ ბასის განცხადების შემდეგ მიუსია.
„ეს ბასის დამსახურებაა, ის როდიონოვზე უარესია, რაც მალე მიბრძანდება საქართველოდან, ხალხი მით უფრო მადლობელი დარჩება. მისი სამართალი შერჩევითი იყო. იგი არც პოლიტპატიმრების საკითხზე რეაგირებდა“ - აღნიშნა ჯაველიძემ.
ამასთან, იგი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ჯონ ბასის საქმიანობის დადებითად შეფასებას, მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებს.
„მის საქმიანობას დადებითი შეფასება იმ ე.წ. ოპოზიციონერებმა მისცეს, რომლებიც პარლამენტში როგორმე მოხვედრას ცდილობენ. მსგავსი შეფასებების უკან პირადი ინტერესები დგას“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
ჯონ ბასს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წელს ეწურება. მას რიჩარდ ნორლანდი შეცვლის. ბასი საქართველოში აშშ-ს ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
