ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის წინაშე საქართველოს დამსახურება და საერთაშორისო სამშვიდობო პროცესში მისი როლი განიხილება.
ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიუსელში ალიანსის შტაბ-ბინაში გააკეთა.
„დღეს შევხვდით ჩეხეთის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ალბანეთის დელეგაციებს. კოლეგებთან ერთად ჩიკაგოს სამიტისთვის ვემზადებით, რაც იმაზე საუბარსაც ითვალისწინებს თუ რა სახით დაფიქსირდება ფინალურ დოკუმენტებში საქართველოს როლი“- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, შეხვედრებზე ასევე განიხილება საკითხი იმის შესახებ თუ რა ფორმატში მიიღებს საქართველო მონაწილეობას და რა გეგმას დასახავს სამიტი საქართველოსთან მიმართებაში.
„ჩვენი მოკავშირეების განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. საქართველოს წვლილს სამშვიდობო ოპერაციებში უაღრესად მაღალ დონეზე აფასებენ. ჩვენი ყველა მადლიერია“ - განაცხადა ვაშაძემ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
დღესვე გრიგოლ ვაშაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
