საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო.
ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარდგენილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი კონკურსანტები ოქტომბერში ათენში მსოფლიო ფორუმზე წავლენ. მათ შორის არიან ქართველები - ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა საძაგლიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერი ელენე ბეთლემიშვილი.
თეა საძაგლიშვილისა და ელენე ბეთლემიშვილის პროექტმა სახელწოდებით "ვიდეო წერილი ლილის" ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში "ყველაზე ინოვაციური პროექტები განათლებაში" გაიმარჯვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მათ ელექტრონული წიგნები "იოტა რიდერები" გადასცეს.
პორტუგალიაში გამართულ კონკურსში "ევროპის ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012" საქართველოდან ის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებიც გაკვეთილებს ნეთბუკის საშუალებით ატარებენ.
ევროპის ფორუმზე საქართველოდან თბილისის, გორის, ხიდისთავისა და გურჯაანის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. კონკურსში მონაწილეობის გარდა, მათ პორტუგალიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზე სემინარებიც ჩაუტარდათ.
