საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის" სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო.
კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვდა, რომ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების საშუალება მისცემოდა.
"ქართულმა ტელემაუწყებლობა ივერიამ" საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახე კერძო ტელემაუწყებლობაა, სახეობა კი საერთო ტელემაუწყებლობა. კომპანიის დაფარვის გეოგრაფიული არეალი მოიცავს თბილისს, ბათუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ფოთს, სენაკის მუნიციპალიტეტს, ქუთაისსა და რუსთავს.
