შპს "იგრიკას" კუთვნილი სატელევიზიო სადგური, რომლის ღირებულებაც 450 ათასი ევროა, საბაჟო კონტროლის ზონის გავლის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა.
ინფორმაციას, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით აქვეყნებს.
ვებ-გვერდის ცნობით, მოძრავი სატელიტური სადგურის საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქარხნის მიერ დადებული ლუქები ახსნილი იყო. მოგვიანებით კი ექსპერტებმა ტვირთის დაზიანების ფაქტიც დაადასტურეს.
"აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამიზნულად ზიანდება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ტვირთი. შპს "იგრიკას" კუთვნილი სატელევიზიო სატელიტური სადგურის მწყობრიდან გამოყვანა ხელისუფლების იმ ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ის ქართული მედიის მიმართ ახორციელებს", - ნათქვამია პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ივანიშვილის გვერდი იუწყება, რომ საქართველოში ტვირთის გამოგზავნამდე, გამომშვებმა კომპანიამ და საერთაშორისო კომპანია "შGშ"-მა ადგილზე დეტალურად შეამოწმეს შპს "იგრიკას" კუთვნილი სატელევიზიო სადგური, რა დროსაც ტექნიკა გამართულად მუშაობდა.
პრესსმადივნოს ცნობით, საბაჟო კონტროლი განხორციელდა ცალმხრივად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოძრავი ტელესადგური დათვალიერებისას შეგნებულად დააზიანეს.
