ნიკა გილაურმა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ სამიტზე საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა
ნიკა გილაურმა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ სამიტზე საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა
11:54 18.04.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბრაზილიაში სამიტზე „პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ საქართველოში სხვადასხვა სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„საქართველოში განხორციელებული რეფორმები დღეს მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. საქართველოს მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ წამყვან რეფორმატორ ქვეყანად“ - განაცხადა გილაურმა.
„პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ სამიტის ფარგლებში ქართული კუთხე - ე.წ ინოვაციის სოფელი გაიხსნა, რომელიც ორი დღის განმავლობაში სამიტის მონაწილე დელეგატებმა დაათვალიერეს.
პრემიერ-მინისტრმა ბრაზილიაში ვიზიტის პოლიტიკური ნაწილი ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი შეხვედრებით დაასრულა.
გილაური დღეიდან მოლაპარაკებებს სან-პაულოში გამართავს, სადაც ის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
საქმიან შეხვედრებზე საუბარი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სფეროში თანამშრომლობას შეეხება.
როგორც ბიზნესმენებთან შეხვედრამდე პრემიერმა განაცხადა, საქართველოსადმი ინტერესი დიდია, რეგიონში ბევრი ბრაზილიური კომპანია ვაჭრობს. მისი თქმით, ბრაზილიელ ბიზნესმენებს ახალი ბაზრის ათვისება სურთ.


ბეჭდვა