ივანიშვილი პოლიციელებს მოუწოდებს სააკაშვილს არ დაემორჩილონ
ივანიშვილი პოლიციელებს მოუწოდებს სააკაშვილს არ დაემორჩილონ
16:50 17.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდა - "არ დაემორჩილონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  ძალადობრივ პოლიტიკას". ამის შესახებ მან, როგორც facebook-ზე ივანიშვილის გვერდზე გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კოალიციის საჩხერის რაიონული ოფისის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
"მოვუწოდებ პოლიციას კანონიერება დაიცვას და ხალხის სამსახურში ჩადგეს, რადგან ცოტა ხანში მოძალადე სააკაშვილი ვეღარ დაგიცავთ" - განაცხადა მან.
ამასთან, ივანიშვილმა საჩხერლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, ყველაზე მეტად საჩხერლები დაისაჯნენ. მისივე თქმით, - 7 სკოლის დირექტორი და ათეულობით მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზეწოლა საჯარო მოხელეებზეც განხორციელდა.
"ეს ყველაფერი ერთი პიროვნებისგან - სააკაშვილისგან იწყება. ის მშიშარა კაცია. ძალადობს საკუთარ ხალხზე. თუმცა, დაზარალებულებს თანადგომას გამოვუცხადებთ და არავის გაჭირვებაში არ დავტოვებთ" - განაცხადა მან.

ბეჭდვა