"ქრისტიან-დემოკრატი" ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე საპარლამეტო უმრავლესობას ეკლესიის იგნორირებაში ადანაშაულებს.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ისტორიით სპეკულირებს და როდესაც 800–წლიან ისტორიაზე საუბრობს, კარგი იქნება უახლოესი ერთი წლის ისტორია გაიხსენოს.
"მოდით, ერთწლიანი პერიოდი გავიხსენოთ და ძალიან მარტივად მივხვდებით, რომ ეკლესიის იგნორირება არის ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია. ეს მოხდა შარშან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს და ასე ხდება ახლაც. ჩვენი ხედვა ძალიან მარტივია, როცა საკითხი ეხება ეკლესიას, ის უნდა გადაწყდეს მასთან თანამშრომლობით და არა იგნორირებით", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძეს აინტერესებს სად იყო საქართველოს ხელისუფლება და რატომ არ გამოიყენა იუნესკოს ტრიბუნა, რომ ხანძთის გუმბათი არ ჩამოქცეულიყო.
"ბატონო ნუგზარ და ბატონო გოკა, გირჩევთ, რომ სპეკულირებას შევეშვათ და ამ საკითხს საღი აზრით მივუდგეთ", - მიმართა ვეფხვაძემ უმრავლესობის წევრებს. მანვე იკითხა თუ რამდენჯერ შეიკრიბა ეკლესიისა და მთავრობის მიერ შედგენილი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ხელმძღვანელობს. ეს შეკითხვა უმრავლესობამ უპასუხოდ დატოვა.
