საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის განცხადებას საკუთარი მოქალაქეების დაშინების ფაქტად აფასებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის განცხადებას საკუთარი მოქალაქეების დაშინების ფაქტად აფასებს
12:46 17.04.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც მან აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, დღეს ერთობლივ ბრიფინგზე  გააკეთა - მოქალაქეების დაშინების ფაქტად აფასებენ.
ლავროვის განცხადების თანახმად, საქართველოში არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში უცხოელი ტურისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მსგავსი განცხადებების გაკეთება ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას, "მოსკოვს არ სურს მოქალაქეებმა ნახონ თუ როგორ ვითარდება სახელმწიფო, რომლის 20% ოკუპირებულია".
"საქართველოში ჩამოსული ყოველი რუსი ტურისტი, რომელიც რეალურად დაინახავს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ნახავენ თუ რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს რუსეთში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა" - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა შესაძლოა დასვან შეკითხვა - თუ საქართველომ შეძლო თავი დაეღწია პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობისთვის, რატომ არ შეუძლია რუსეთს ეს გააკეთოს, რატომ არის დაძლეული საქართველოში კორუფცია და ბევრი სხვა.
"ამ შეკითხვების რუსეთის ხელისუფლებას ნამდვილად ეშინია" - აღნიშნა კალანდაძემ.

ბეჭდვა