პარტია "თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ ქუთაისის ბიუჯეტში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები
ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩვენო სამზადისს და მის ფინანსურ უზრუნველყოფას ემსახურება. ამის შესახებ პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ტერიტორიული ორგანოების ოფისების მშენელობისათვის 486,000 ლარი, ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისათვის 3,985,000 ლარი, პროგრამა "კორპუსის" დაფინანსებისთვის 2,318,263 ლარი, ხოლო მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მშენებლობისთვის 200,000 ლარი გამოიყო.
"ვინაიდან ხელისუფლებისადმი მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან დარწმუნებული ვართ ისინი ჩვენს შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ , მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შევქმნათ ერთიანი ფრონტი. ერთად ვიბრძოლოთ ამ დადგენილებების შეცვლისათვის და გამოთავისუფლებული თანხები სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალურ პროგრამებს მოვახმაროთ", - ნათქვამია "თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის - ზვიად წაქაძის განცხადებაში.
