გიორგი ბარამიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
გიორგი ბარამიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
11:45 14.04.2012
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
გიორგი ბარამიძე გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტს და სლოვაკეთის ვიცე- პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრებზე ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეებისა მიუხედავად, ქვეყანამ არსებული წინააღმდეგობების დაძლევა მოახერხა.
ორმხრივ შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ ასევე, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სადამკვირვებლო პროცესის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი და ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელი ღონისძიებებიც მიმოიხილეს.
ვიცე-პრემიერმა ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, სადაც ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებთან მიმართებაში ამერიკის ახალი თავდაცვის სტრატეგია განიხილებოდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ბრატისლავაში სპეციალური სტუმრის სტატუსით "გლობალური უსაფრთხოების" ფორუმში მონაწილეობს.



ბეჭდვა