"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ გოგა ხაინდრავას მიზანი მარტივია - მას რევოლუცია უნდა.
"გოგა ხაინდრავას უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმინიჭება რევოლუციის საბაბად გამოიყენოს. ბოლო 3 წელია ხაინდრავა კომბლებისკენ, სისხლისკენ და უბედურებისკენ მოგვიწოდებს. ამ კაცს არეულობა სურს, ბოდიში, ბატონო გოგა, თუ ამაში ხელს გიშლით" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, გოგა ხაინდრავას პოლიტიკურ წარსულზე საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნებია, რადგან იგი მუდმივად ირაციონალური იდეებით გამოდის.
"გოგა ხაინდრავა ჩვენზე თუ რაიმე კარგს იტყვის, საწყენი ეს იქნება. ნამდვილად არა ვარ იმ ხასიათზე, რომ მასთან პოლემიკაში შევიდე" - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
"ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ გიორგი თარგამაძის წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივად შეაფასა.
"ეს კუბლაშვილის მცდელობაა თარგამაძის ხელით "გააპრავოს" სრული უკანონობა" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ვეფხვაძემ ხაინდრავას ამ განცხადებასაც უპასუხა.
"ამბობენ, რომ ხელისუფლებამ, გიორგი თარგამაძემ და პავლე კუბლაშვილმა რაღაც დაგეგმეს. თუ ვინმეს შეთქმულების თეორიის სჯერა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვიღაცამ დაწერა და თარგამაძეს ხელში მიაჩეჩა, ეს მისი მენტალობისა და აზროვნების პრობლემაა" - განაცხადა ვეფხვაძემ.
