ბახმაროში წელს ზამთრის კურორტის მშენებლობა დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთის იუსტიციის სახლის გახსნისას ისაუბრა.
მისი თქმით, ბახმარო სტუმრებს ყველა სეზონზე მიიღებს. ასევე, მოწესრიგდება ურეკის სანაპირო ზოლი.
„კეთდება ოზურგეთის ცენტრი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყველა გზას გურიაში. ჩვენთვის მთავარი არა ფასადების შეკეთება, არამედ ხალხის დასაქმებაა“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დასაქმებისთვის კი გადამზადებაა საჭირო. ამ მიზნით ოზურგეთში ტექნიკური სასწავლებელი „ჰორიზონტი“ იხსნება, სადაც თანამედროვე პროფესიებს ყველა ასაკის ადამიანი აითვისებს.
„ხალხს პროფესია და მათი გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. უახლოეს დღეებში ბახვიჰესის და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იწყება. შესაბამისად, კვალიფიციური ადამიანების საჭიროება იქმნება - ენერგეტიკოსები, მშენებლები, მძღოლები და სხვა “- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გურიაში ბევრი კულტურული დაწესებულებაც გაიხსნება. პრეზიდენტის განმარტებით, ლანჩხუთის სტადიონის აღსადგენად თანხა უკვე გამოყოფილია.
„გურია დაგეგმილი სამუშაოების შედეგად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი გახდება. დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო აქაურობა. ზოგიერთი ქართველის გამო კი ხან არეულობა იყო, ხან კრიზისი, ხან ომი. ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, აღნიშნული პროექტი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მან დღესვე, ოზურგეთში ახლადგახსნილი საავადმყოფო და პროფსასწავლებელი დაათვალიერა.
