ხელისუფლებასთან კონსტრუქციული საუბარი შედეგს არ მოიტანს, რაც დიდი ხანია ცნობილია.
ეს კომენტარი „სახალხო კრების“ წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა ქუჩის აქციებთან დაკავშირებით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაზე გააკეთა.
ჯაჭვლიანის თქმით, ის, რომ ალასანია გასულ წელს „სახალხო კრების“ აქციებს უპირისპირდებოდა, ახლა კი, აქციების ჩატარებაზე თვითონ საუბრობს, სასაცილოა.
ამის მაგალითად ჯაჭვლიანმა ერთი ანეგდოტი გაიხსენა, რომლის გმირსაც „გონება ეხსნება“.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა, თუმცა, ხელისუფლება, რომ ამაზე წამსვლელი არ არის, ეს ყველასთვის ცხადია.
როგორც ჯაჭვლიანმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ჩაიდინა უკანონობა, როდესაც 9 აპრილს „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს მემორიალთან მისასვლელად 40 წუთი ალოდინა.
„სამძიმარზე რომ არ მიგიშვებენ სანთლის დასანთებად, ამისთვის პროტესტის მრავალნაირი ფორმა არსებობს. როცა მთავრობა არღვევს კონსტიტუციას და არ იცავს კანონს, სწორედ ამისთვის არსებობს ქუჩის აქციები. მთელ მსოფლიოში ასეა“- აღნიშნა მან.
ჯაჭვლიანმა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაცვლელია და ამისთვის ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს.
„მაშინ, როცა ეს ფაშისტური დიქტატურაა მოსაშორებელი, ყველა ერთ მხარეს უნდა დადგეს და დავარქვათ - ჩვენ და ისინი“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ამისთვის ყველაზე კარგი ავტორიტეტი და მაღალი ნდობა ბიძინა ივანიშვილს აქვს.
მისი აზრით, სწორედ ივანიშვილმა უნდა განაცხადოს ამის შესახებ და ყველა ვინც მასთან არ დადგება „ისინი“ იქნება. „ეს ხელისუფლების ფსიქოლოგიურ ნგრევას გამოიწვევს“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
