კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისამდე სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ განცხადება
დღეს ბრიფინგზე იურისტებმა გააკეთეს.
იურისტის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სარჩელში ორი მოთხოვნა შევა - ბიძინა ივანიშვილის მოქალქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის დასკვნის უკანონოდ და ბათილად ცნობა და მეორე - პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ორ პროცედურას ითვალისწინებს - პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი, დასკვნის თანახმად, ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
