ნინო ბურჯანაძე არაკორექტულად მიიჩნევს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მას დასავლური ფასეულობები არ აქვს.
"ნურავინ იმართლებს თავს, თუ რატომ არ ილაპარაკებენ ბურჯანაძესთან. შეუძლიათ თქვან, რომ არ მოსწონთ ბურჯანაძე და ამიტომ არ ელაპარაკებიან, მაგრამ იმის დაბრალება, რასაც ხელისუფლება მაბრალებს და ამაში ბევრ ფულს და ენერგიას ხარჯავს- კორექტული არ არის " - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდმომარე ნინო ბურჯანაძემ "სახალხო კრების" სათათბირო დარბაზის შეხვედრაზე.
ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახალხო კრება არ არის პოლიტიკური სუბიექტი და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,ხოლო რაც შეეხება მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიათა გეგმებს, ეს მთლიანად ამ სუბიექტების გადასაწყვეტია -აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
მისი თქმით, სახალხო კრებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ ძალასთან, რომელსაც რეალურად უნდა საკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების გამყარება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რეალობის შესაცვლელად აუცილებელია შედგეს სერიოზული ერთობა. "ერთობა არ ნიშნავს საპარლამენტო სიებში ადგილების გადანაწილებას, ამ მხრივ ყველას შეუძლია მშვიდად იყოს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ასევე, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არ არის სწორი, როდესაც "დემოკრატიულ მოძრაობას" და სახალხო კრებას" ერთმანეთისგან მიჯნავენ. მისი განცხადებით, "სახალხო კრებას" და "დემოკრატიულ მოძრაობას" ერთნაირი ფასეულობები და ერთნაირი ხედვები აქვთ ყველა საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის არ გამორიცხავს ტექნიკურ საკითხებში "დემოკრატიულ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ რას შეეხება ამ შემთხვევაში ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობა. "თუ ივანიშვილი ტექნიკურ საკითხებში გულისხმობს ხელისუფლების შეცვლას კი ბატონო, ხოლო თუ საარჩევნო გარემოს შეცვლას - ეს ტექნიკური საკითხი არ არის" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
