"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილ ადამიანებს მისი
ფული და სახელი სჭირდებათ, თავად ივანიშვილი კი - არა.
"როგორც კი ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში შევა, მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსები პატარა სატელიტები გახდებიან. თუ ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგება, მის სახელს პოლიტიკური პროცესის დასაძაბად გამოიყენებენ და წონიანი ლიდერები გახდებიან. ბოდიში, ეს არ გამოვა, ისევ ივანიშვილის სატელიტები იქნებით, როგორც აქამდე იყავით. ნოლპროცენტიანი პარტიები ყოველთვის სატელიტები იქნებიან" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში ლევან ვეფხვაძემ.
"ქართული ოცნების" წევრებსა და "ქრისტიან-დემოკრატებს" შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიორგი თარგამაძე ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების ინიციატივით გამოვიდა.
ვეფხვაძის განცხადებით, მათ ბიძინა ივანიშვილს რაციონალური წინადადება შესთავაზეს, "ქართულმა ოცნებამ" კი - ირაციონალური პასუხი გასცა.
