ვეფხვაძე – ხათუნა კალმახელიძემ დეპუტატები ან მოატყუა, ან თავად არ იცოდა კონკრეტული ფაქტები
ვეფხვაძე – ხათუნა კალმახელიძემ დეპუტატები ან მოატყუა, ან თავად არ იცოდა კონკრეტული ფაქტები
19:41 12.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დეპუტატები ან მოატყუა და თავად არ იცოდა კონკრეტული ფაქტები.
აღნიშნული განცხადება ვეფხვაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"როგორ შეიძლება ერთდროულად მადლობას უხდიდეთ სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების მინისტრს, როდესაც გიორგი ტუღუში მინისტრის გადაყენებას და პასუხისმგებლობას ითხოვს იმის გამო, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება"? – მიმართა ლევან ვეფხვაძემ მმართველი პარტიის წევრებს.
ვეფხვაძის განცხადებით, ხათუნა კალმახელიძემ უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ 12 ახალი დაწესებულება გაიხსნა, არადა, სახალხო დამცველმა თქვა რომ 7 გაიხსნა.
"ამ ქალბატონმა ან თავად არ იცის კონკრეტული ფაქტები, ან თქვენ გაწვდით არასწორ ინფორმაციას" – აღნიშნა ვეფხვაძემ.
იგი სახალხო დამცველის ანგარიშიდან რამდენიმე ფაქტსაც შეეხო, როდესაც ე.წ კარცერებში არაადამიანურად ექცევიან პატიმრებს.
"სახალხო დამცველის დასკვნის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ შარშან 10 ათასამდე ადამიანია დაკავებული. სახალხო დამცველი გეუბნებათ, რომ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა შექმენით, მაგრამ ამის რეალიზება არ ხდება" – მიმართა ვეფხვაძემ უმრავლესობას.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს დღეს 24 500 პატიმარი ჰყავს და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მათი ოდენობის შემცირებაზე იფიქროს, არაფერს აკეთებს.

ბეჭდვა