საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ სახეობებზე საქართველოში მონიტორინგი პირველად განხორციელდება. ამის შესახებ გარემოს
დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს განაცხადა.
"სამეცნიერო წრეების კომპეტენტური პირებისგან შემდგარი კომისია აპრილის ბოლოდან "წითელი ნუსხის" სახეობების მონიტორინგს დაიწყებს"- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, "წითელი ნუსხის" სახეობების - დათვისა და ჯიხვის ხოცვა აქამდე არალეგალურად ხდებოდა და ამისთვის არავინ ისჯებოდა. თუმცა, ახლა კონტროლი მკაცრდება.
საქართველოს "წითელი ნუსხა" ქვეყნის ფლორისა და ფაუნის იმ სახეობათა ჩამონათვალია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაცვას საჭიროებენ. მასში შესულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სახეობები.
