საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში პოლიტიკური
ნიშნით დაკავებულებზე არაფერია ნათქვამი.
ეს განცხადება ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც პლენარულ სხდომაზე გიორგი ტუღუშის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.
"პროტესტი მინდა გამოვხატო იმის გამო, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ნიშნითა და მოტივით დაპატიმრებულებზე არავითარ განცხადებას არ აკეთებს" – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ასევე, იგი ითხოვს, რომ სახალხო დამცველმა 26 მაისის აქციის დაშლას სამართლებრივი შეფასება მისცეს.
"ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა ჯონდი ბაღათურიამ კი სახალხო დამცველის დასკვნას "ბრალდებების 650 გვერდიანი ნუსხა" უწოდა.
"ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე, მათ შორის ნორა კვიციანზე ესაუბრა. ნორა კვიციანი მძევლად იმის გამო ჰყავთ, რომ ის ძებნილი ემზარ კვიციანის დაა" – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მოგვიანებით, ბაღათურია ნორა კვიციანის დაცვის გამო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა გააკრიტიკა.
