წიკლაური კომახიძესა და სუბარს რეზინის ჩაქუჩიან ექიმთან მისვლას ურჩევს
წიკლაური კომახიძესა და სუბარს რეზინის ჩაქუჩიან ექიმთან მისვლას ურჩევს
16:49 12.04.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა სოზარ სუბარი და ვახტანგ კომახიძე რეზინის ჩაქუჩიან ექიმთან გადაამისამართა.

წიკლაურმა სოზარ სუბარის ის განცხადება შეაფასა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას შეეხება. სოზარ სუბარის თქმით, ვახტანგ კომახიძეს წყარომ აცნობა, რომ ივანიშვილზე თავდასხმა მისი რომელიმე რეგიონში ყოფნისას იგეგმებოდა.

"საქმე გვაქვს ფსიქოსომატიურ პრობლემებთან. ამ შემთხვევაში საჭიროა არა პოლიტიკური კომენტარები, არამედ, რეზინის ჩაქუჩიანი მედიკოსი როგორც სუბართან და კომახიძესთან, ასევე იმ ადამიანთან ვინც ფიქრობს რომ მის სიცოცხლეს რაიმე ემუქრება. მის პოლიტიკურ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება მათივე ქმედებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ივანიშვილის, როგორც მოქალაქის სიცოცხლეს, ქართული სახელმწიფო მოწოდებულია, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე დაიცვას. სწორედ ამიტომ გარანტირებულად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას ჩვენს ქუჩებში" - განაცხადა წიკლაურმა.

შვეიცარიაში მყოფმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილზე რეგიონებში ვიზიტის დროს თავდასხმა იგეგმება. მოგვიანებით ივანიშვილმა დეტალების დასაზუსტებლად კომახიძესთან წარმომადგენლები გაგზავნა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ სოზარ სუბარი იყო.

ბეჭდვა