ევრაზიული კავშირის შექმნა პუტინისა და მთლიანად რუსეთის სტრატეგიული ინტერესია - ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ რუსეთის სტრატეგიული ინტერესი და პირადად პუტინის მიზანი, იმპერიის აღდგენაა.
"მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საბჭოთა კავშირის თუ ევრაზიული კავშირის ფორმით. ფაქტია, რომ პუტინი თავის პრეზიდენტობის რანგში კრემლის უმთავრესი გეგმის განხორციელებას იწყებს, რომელსაც სახეცვლილი საბჭოთა იმპერია ჰქვია, ამჯერად კი -უკვე ევრაზიული კავშირი"- განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, იმ ქვეყნების მიმართ, ვინც უარს იტყვის კავშირში გაწევრიანებაზე, რუსეთი აუცილებლად აამოქმედებს სპეცსამსახურებს და ასევე, პოლიტიკური ბერტკეტების გამოყენებას შეეცდება.
ქარდავას განცხადებით, საქართველოში ასეთი ძალები და პოლიტიკური ფიგურები არსებობენ, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს პოლიტიკაში და ახალი გეოპოლიტიკური რეალობების ძიებაში არიან.
"მინდა შევახსენო მათ, რომ პუტინის ევრაზიული იმპერიისაგან თავის დაღწევა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ნატოში წევრობითაა შესაძლებელი"- აღნიშნა ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ღიად და საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია პუტინის ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით.
