კალმახელიძე ომბუდსმენის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს
კალმახელიძე ომბუდსმენის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს
15:03 12.04.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სახალხო დამცველის რეკომენდაციას  აუცილებლად გაითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
მინისტრის თქმით, ომბუდსმენის ანგარიში სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დოკუმენტია იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროში რეფორმები გამუდმებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება.
"მის რეკომენდაციებს გულდასმით გავეცანი. შევხვდებით სახალხო დამცველს და კონსულტაციების რეჟიმში ვითანამშრომლებთ"-განაცხადა კალმახელიძემ.
მინისტრის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ომბუდსმენი სასჯელაღსრულების სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გარკვეულწილად დადებით შეფასებას აძლევს, თუმცა, გარკვეული პრობლემები არის და მათი გამოსწორების მიზნით რეფორმა უნდა გაგრძელდეს.
"რეფორმები პროცესია, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს, რაც პენიტენციურ სისტემაში ევროპული სტანდარტების სრულ დანერგვას გულისხმობს"- აღნიშნა კალმახელიძემ.
სახალხო დამცველს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. 2011 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ომბუდსმენის ანგარიში 650 გვერდიანია და მასში ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზეა გამახვილებული.

ბეჭდვა