საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, “ბაღათურიას უნდა ფული, ფული და კიდევ ფული, ყველა საშუალებითა და მეთოდით”.
ეს განცხადება მინაშვილმა დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის სხდომაზე ბაღათურიამ უმრავლესობა გააკრიტიკა.
აკაკი მინაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჯანდაცვის და სხვა პრობლემებია, ბაღათურია ფულზე, ფულზე და კვლავ ფულზე წუხს.
“არავითარი განცდა არ არსებობს, რომ მას რეფორმებში მონაწილეობის სურვილი აქვს. ის ზრუნავს ფულზე და ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე” – განაცხადა მინაშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ბაღათურიას მომავალ არჩევნებში მხარს არავინ დაუჭერს და ვერც პარლამენტში მოხვდება.
“ის ცდილობს როგორმე ყველა იმ რელსზე დაჯდეს, რომელიც ივანიშვილმა ააგო. ის კი კოლექციას აგროვებს სხვადასხვა ტიპის ადამაინების“ – განაცხადა მინაშვილმა.
დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ თავისი პარტიის „ქართული დასის“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე განცხადება დღეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვაზე გააკეთა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ახალი კანონპროექტის თანახმად, მის პარტიას უფასო სარეკლამო დროს ართმევენ.
მისი განცხადებით, პრეზიდენტმა უმრავლესობას დაავალა, რომ „ქართულ დასს“ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება წაართვან.
